ახალი წელი ხევსურეთში - ,,წელწადნი’’


წელწადნი

     საწელწდოდ სახლ-კარს დაასუფთავებენ და თავადაც საგანგებოდ გამოეწყობიან. ,,წელწადშამაე წუხრას’’ (შებინდებიდან) კვალს დაიჭერენ. 







დიასახლისი უმძრახად აცხობს სამეკვლეოს, ბედისკვერებს ოჯახის ყველა წევრისთვის - ,,კაცთ პურს’’, ასევე კვერებს საქონლისთვის, წყლისთვის..... რომლებზეც გამოსახავს ჯვარს, ბორჯღალს, ადამიანს, ხარს, თავთავს, სახნისს... თან იმახსოვრებს -ვის ,, ბედისკვერაზეც’’ გამოცხობისას გამოსახულება ამოიწევს ის იქნება დავლათ-ბარაქიანი. 

       ოჯახიდან მამაკაცი - მეკვლე მიდის ჯვარში, რომელმაც ღამე იქ უნდა გაათენოს და მეორე დილას თავის ოჯახში შეიტანოს კვალი. მას ჯვარში მიაქვს სასმელი, ,,წულის სანთელი’’ და ,,ხელზე ასასხმელი’’ - იმდენი სანთელი და ქადისკვერი რამდენი წევრიცაა ოჯახში.
     ჯვარის მსახურნი კლავენ სანათლავებსა და ,,სამეკვლეო საკლავს’’. გახსნიან ლუდიან კოდს და ნათავარზე სწირავენ ჟამს. ჟამის წირვაზე დაანთებენ წულის სანთლებს. შემდეგ იმართება ლხინი. ლოცავენ წინა ხელოსანთათვის, დგამენ გმირებისთვის საკარგყმოს, ჯვარის ფანდურზე ასრულებენ საგმირო სიმღერებს, ტასურებს, ფერხისას. სცოდნიათ ვერცხლით მორთული ყალიონის გაწყობა და დალოცვა სახელიანი პიროვნებისთვის, რომელსაც რიგ-რიგობით მოსწევდნენ.
   იმავ ღამეს იციან ,,საქურდლად წასვლა’’. ხუცესი დასტურებიდან ორ-სამ კაცს გამოარჩევს და სოფელში გააგზავნის. ,,ქურდები’’ იპარავენ რასაც მოიხელთებენ სასმელს, ხორცს, ქადა-პურს..,და ჯვარში მიაქვს. მეორე დღეს ნადავლზე სუფრა იშლება და გაქურდული ოჯახის პატრონსაც პატიჟებენ, რომელმაც ქურდების ვერ დაჭერისთვის ჯარიმა -სასმელი უნდა მიიტანოს. ხოლი თუ ოჯახის პატრონმა ქურდები შეიპყრო, ჯერ მათ არაყიტ დაათრობს, მერე თოკებით დააბამს და ჯვარში შეუთვლის: ტყვეები გამოისყიდეთო. დასტურები წაიღებენ ლუდ-არაყს და ტყვეებს გაანთავისუფლებენ.
      ახალი წლის დილას ხუცესი წყალზე განიბანება, დარბაზში შევა და იქ მყოფთ ახალ წელს მიულოცავს. ერთმანეთს დალოცავენ, შემდეგ ჟამს სწირავენ და ზარს დაუკრავენ. 
    ხუცესი მეკვლეებს ლუდს ჩაუსხამს და ოჯახებში გამოისტუმრებს: წილს ყრიან ,ვისაც შეხვდება პირველი ის გაიტანს კვალს ჯვარიდან და გაემართებიან სოფლისკენ სიმღერითა და მხიარულობით.
   სანამ მეკვლე სახლში კვალს არ შეიტანს ცდილობენ გარეთარ გამოვიდნენ და იატაკზე წყალი არ დაღვარონ _ ,,რძის ღვრა იცისო’’.
   დიასახლისი მეკვლეს ზღურბლთან სამეკვლეოს მიაწვდის, რომელსაც მეკვლე სახლში სამჯერ შეაგორებს......სამეკვლეო თუ წაღმა დაეცემა კარგი ნიშანია. ....შემდეგ ტაბლას დადგამენ , დისახლისი სამეკვლეო კვერს ყველას გაუნაწილებს. ყველა თავ-თავის ბედისკვერს გატეხს და დაილოცება. მეკვლის მოსვლის შემდეგ ოჯახის ერთი წევრი წყალზე წავა და ,,ნიჭს’’წაიღებს (ჩალაში გახვეული პური, რომელზეც ერბო და ნახშირი დევს). ,,ნიჭს’’ წყალში ჩააგდებს და სამჯერ იტყვის: ,,წყალო ნიჭი მოგიტანე ბედი გამომაყოლე კაცისა, საქონისა, ხარისა, ცხენისა.....’’ წყლიდან ფერდ კენჭებს ამოიღებს და ბაგაში ჩაყრის_ -ჭრელი ხბოები გაჩნდებიანო.
ამავე დღეს იციან ,,ბებერათ შემოყვანა’’- შემოიტანდნენ წინასწარ გამზადებულ ორ არყის ჯოხს, რომელზეც ბავშვი გადაჯდება ზედ ,,ბებერათ კვერას ‘’გადატეხს და დაილოცება....
   შემდეგ ფერხისას ჩაბმით კვლავ ჯვარში მიდიან. სოფელში მეზობლებთან კვალის შეტანა და ლხინი მესამე დღეს იციან. მეექვსე დღეს განცხადებას ჯვარშიით გამოილოცავენ და დღეობაც მთავრდება. (ამ დღეებს ჰქვია:,, კუმეტი,’’ ,,წინა შუადღე’’, ,,უკანა შუადღე’’) 

ნახატი(ხევსურული ქეიფი) და ტექსტი შოთა არაბულის 
წყარო: Arabuli ArtHouse    

No comments: